ყოფილ პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. მერაბიშვილმა მედიასთან კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ მწუხარებას გამოთქვამს, ახალი მთავრობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეპრესიების მანქანად რომ იქცა ოპოზიციის წინააღმდეგ.
"ძალიან სიმბოლური იყო ჩემი ყოფნა პოლიციაში. მე სიამაყით მევსება გული, როცა ვხედავ საქართველოს პატრულს. დასანანია, რომ დღეს შს სამინიტრო ივანიშვილის მიერ გამოიყენება როგორც რეპრესიული მანქანა ოპოციზიური აზრისა და ოპოზიციის წინააღმდეგ", - განაცხადა მერაბიშვილმა. გამოსვლისას მერაბიშვილს გარეთ რამდენიმე ახალგაზრდა დახვდა, რომლებიც სკანდირებდნენ, რომ "ვანო მკვლელია" და რომ "იგი უნდა დაეჭირათ".
შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა.
"იმავე საღამოს, 23.00 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა", - აღნიშნა გიორგობიანმა.