მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა №18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესხებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული თ.დ. დღეს, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით დაიღუპა.
„დღეს, 1-ელ დეკემბერს 15:35 საათზე №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა მსჯავრდებული თ.დ. №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 2012 წლის 1 დეკემბერს #8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს, დიაგნოზით - არასტაბილური სტენოკარდია.
სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ, პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზი: გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები", - ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
გარდაცვალების ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზა.