საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „მე-9" არხი ავრცელებს.
„პირველი შეხვედრა იყო აშშ-ს სახელმწიფო მიდვან ჰილარი კლინტონთან, რომლის მოწვევითაც მე ვიმყოფები ვაშინგტონში. ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა. ყველა შეხვედრაზე საუბარი იყო ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქარტიაზე, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს არეგულირებს. იყო საუბარი ნატო-ში ინტეგრაციაზე, ავღანეთში საქართველოს წვლილზე და რასაკვირველია, ყველაფერზე, რაც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ხდება. აღინიშნა დიდი პროგრესი ამ ურთიერთობებში. ითქვა, რომ ჩვენ მალე შევხვდებით ჩვენს კოლეგებს ბრიუსელში, შემდეგ დუბლინში და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ მიმართულებით"- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ სენატორ ჯონ მაკკეინსაც შეხვდა. მოგვიანებით კი, გერმანიის მარშალის ფონდში ფანჯიკიძე სიტყვით გამოვიდა.
შეხვედრებზე მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების თემაც განიხილა. ექსპერტებთან საუბრისას ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პროცესების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება.
საგარეო საქმეთა მინისტრი „ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო საბჭოსაც შეხვდა.