შეწუხებული ვართ იმ მიმართულებით, რომელსაც მიმდინარე მოვლენები იღებს. ეს რიტორიკა ორივე მხრიდან მოდის და საჭიროა მისი მოთოკვა - ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა კულტურ ცენტრ „მუზაში", შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას.
მისივე თქმით, საკითხები, რომელთა შესახებ დღეს საჯარო საუბრები მიმდინარეობს და რიტორიკა, რომელიც ისმის, უკიდურესად საზიანოა საქართველოს იმიჯისთვის საზღვარგარეთ.
„როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ შეწუხებული ვართ იმ მიმართულებით, რომელსაც მიმდინარე მოვლენები იღებს. ეს რიტორიკა ორივე მხრიდან მოდის და საჭიროა მისი მოთოკვა, რათა შესაძლებელი გახდეს, მომავალზე ორიენტირება და იმაზე ფიქრი, თუ რისი გაკეთება ჯობს მთავრობისთვის მმართველობაში ხელის შესაწყობად და ქართველი საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი აჩვენებს, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შეუძლიათ ერთად იმუშაონ საზოგადოებისა და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად" - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.