გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში ჩხრეკა ორდერის გარეშე ჩატარდა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ განაცხადა.
როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამართალდამცავები ხაჩიძის ოჯახის წევრების მიმართ ცინიკურები და აგრესიულები იყვნენ.
„გრძელდება ივანიშვილის რეჟიმის პოლიციური ვანდალიზმი. დღეს დილით გოგა ხაჩიძის ოჯახში 15-მდე პოლიციელი შეიჭრა. ისინი ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ვერ აღმოაჩინეს, ოჯახის წევრების მიმართ ცინიკურები და აგრესიულები იყვნენ. რაც მთავარია, ჩხრეკა ჩატარდა ყოველგვარი ორდერის გარეშე" - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
მისივე შეფასებით, პარლამენტის წევრის ოჯახში ჩხრეკის ჩატარება სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის რეჟიმის დიქტატურის დასაწყისი.