მედია ექსპერტი ია ანთაძე ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ დაკავშირებით მოვლენებს სოციალურ ქსელ „facebook“ - ზე ეხმიანება.
როგორც ანთაძე „facebook“ - ის საკუთარ გვერდზე წერს, მას სჯერა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ ტელევიზიის გადარჩენა, რომელმაც ბეწვის ხიდი არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების დღეს ღირსეულად გაირა.
„მთავარი კითხვაა: რატომ გახდა აუცილებელი მენეჯმენტის შეცვლა ტელეკომპანიის გასხვისებამდე? ერთადერთი ახსნა ჩემთვის ის არის, რომ ლუბა ელიაშვილი იყო „ინფრო9“-შიც და „ტვ9“-შიც. მისი ფაქტორი გარანტი უნდა ყოფილიყო ამ ორი ორგანიზაციის მშვიდი შერწყმისა, ვიდრე ტელევიზია გასხვისდებოდა.
მაგრამ მშვიდი შერწყმა არ გამოვიდა (და ვერც გამოვიდოდა). შეაბამისად, ვერავითარ ძლიერ ბორდს ტელევიზიის აქციებს სამართავად ქალბატონი ეკა ხვედელიძე ვერ გადასცემს (რადგან ასეთი ძლიერი ბორდი, უბრალოდ, ვერ იარსებებს ტელევიზიის დღევანდელ რეალობაში).
გულწრფელად მივესალმები პრემიერის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომ ოჯახმა ტელევიზიაზე უარი თქვას. მოუთმენლად ველოდები ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემდგომ ნაბიჯებს. მჯერა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ ტელევიზიის გადარჩენა, რომელმაც ბეწვის ხიდი ღირსეულად გაირა არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების დღეს“, - წერს ანთაძე „facebook“ - ის საკუთარ გვერდზე.
ამასთანავე, ის მადლობას უხდის კოლეგებს, რომლებიც მისი ხელახალი გახსნის დღიდან, „მეცხრე არხისთვის“ მუშაობდა.