ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს.
ამის შესახებ მან „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკვე ორი თვეა, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა და აბსურდებმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ის სერიოზულად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე გუშინ ყალბი პასპორტით ვცდილობდი პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ერევანში გაფრენას. ყველამ ვიცით, რომ ეს ხელისუფლება აპირებს ყველა დააშინოს და დააკავოს, მაგრამ ის, რაც დღეს განაცხადეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება" - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ვითარება მხოლოდ მას რომ ეხებოდეს, იუმორით შეხედავდა, თუმცა მიიჩნევს, რომ რაც ქვეყანაში ხდება, მთელს საზოგადოებას აზარალებს.
„მაღალჩინოსანს ჩაუდეს იარაღი, რომ დაეკავებინათ. დღეს გოგა ხაჩიძის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, ახლა ჩემთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება. ეს ეხება მთელს საზოგადოებას, რადგან ხელისუფლება აპირებს მას თვალში ნაცარი შეაყაროს"- განაცხადა მერაბიშვილმა.
მან დღევანდელ ბრიფინგზე მხოლოდ აღნიშნული განცხადება გააკეთა და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
შსს-მ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
იგი პროკურატურაში დღეს დაკითხვაზეა დაბარებული.