პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებსა და მოსახლეობას შორის მიმდინარე დაპირისპირება ორხელისუფლებიანობის საფრთხეს ქმნის.
როგორც მან from.ge-ს განუცხადა, შექმნილი ვითარება არსებული კანონმდებლობის გარკვეულ წუნზეც მიუთითებს, რადგან მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანი, რეალობას არ ემთხვევა.
„თავისთავად, შექმნილი ვითარება გახლავთ კანონმდებლობის გარკვეული წუნი. მითუმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, სადაც პოლიტიკური ცვლილებები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაიონებში მაცხოვრებელნი აღმოჩნდნენ ადეკვატურ გარემოში, საკუთარი არჩევანის შესაბამისად. ასეთი რეალობა ცხადია, ქმნის ორხელისუფლებიანობის საფრთხეს. ამ საფრთხის არაერთი ნიშანი უკვე გამომჟღავნდა. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში შიშის ქვეშ იყვნენ და ვერ ბედავდნენ საკუთარი აზრის გამოხატვას, გაგულადდნენ, მოიგეს არჩევნები და მათთვის რეგიონში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, რადგან ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ფლობს ბერკეტებს რეგიონებში, დაკავებულია ახალი ხელისუფლების 24 საათიანი საბოტაჟით“ - განუცხადა from.ge-ს ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ასეთ პირობებში, ადგილობრივ მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წაქეზება არ სჭირდება, რადგან მოსახლეობის პროტესტი ბუნებრივია.
„როდესაც მოსახლეობის განწყობა და პოლიტიკური რეალობა ერთმანეთს ასე მკვეთარდ უპირისპირდება, ცხადია, არავითარი წაქეზება და ორგანიზება არ სჭირდება იმ პროტესტს, რომელიც დღეს რიგრიგობით სხვადასხვა რეგიონში წარმოიქმნება. მოწმენი ვართ, რომ სიტუაცია შედარებით მშვიდია იქ, სადაც ერთმანეთს დაემთხვა მოსახლეობის სურვილი და შქმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა, თუნდაც იმ რეგიონებში, სადაც განმეორებთი არჩევნები დაინიშნა გაყალბების მცდელობის გამო“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ამდენად, მისივე განმარტებით, მიმდინარე პროცესებში ვინმეს დადანაშაულება, რთულია და ის, რაც ზოგადად ხდება, საბოლოო ჯამში ქვეყანას სასიკეთოდ არ წაადგება.
როგორც ცისკარიშვილმააღნიშნა, სასურველი იქნებოდა, რომ ორივე პოლიტიკურმა ძალამ, ერთდროულად, გარკვეულ კოორდინაციაში იფიქრონ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე და ადგილი არ ჰქონდეს ბუნტის წაქეზებას.
„გამოსავალი იმაშია, რომ არ უნდა იყოს წაქეზებული ასეთი ბუნტი. უნდა იყოს კონკრეტული საკითხების წარდგენა მოსახლეობის მხრიდან - თუ რა პრეტენზიები აქვთ რეგიონებში არსებული ხელისუფლების მიმართ. თუ სადმე კრიმინალურ დარღვევებს აქვს ადგილი, რასაკვირველია, ეს კენჭისყრით არ წყდება, მითუმეტეს, შენობის ბლოკირების გზით. ამისთვის არის შესაბამისი ორგანოები, რომლებიც გაარკვევენ აქვთ თუ არა კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი გამგებლებსა და გუბერნატორებს“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, არც კანონი უზღუდავს მოსახლეობას საკუთარი მოსაზრების საჯაროდ გამოთქმას და გამოხატვის თავისუფლების მხრივ, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს.
ბოლო პერიოდში ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში ადგილობრივ მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გახშირდა და ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. მოსახლეობის ნაწილი თვითმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობის შეცვალს ითხოვს.