საპარლამენტო უმცირესობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროკურატურაში დაბარებას, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.
როგორც from.ge-ს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, ვანო მერაბიშვილი ხელისუფლების მხრიდან შეტევის ობიექტია და ეს ბოლო დაკავებების ფონზეც გამოიკვეთა.
„ჩვენს ირგვლივ ქმნიან საქმეების აღძვრის ველს, სადაც შეტევის ერთ-ერთი ობიექტი არის მერაბიშვილი. ეს ჩანდა პოლიტიკურ განცხადებებშიც და ჩანს ყოფილი თანამდებობის პირების დაპატიმრებების ხასიათშიც. არსებობს კონკრეტული სურვილი, ამ ადამიანის პოლიტიკური მოღვაწეობის შეზღუდვისა“ - განუცხადა from.ge-ს დარჩიაშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის პროკურატურაში დაბარების შესახებ, ინფორმაციას არ ფლობდა და ამის შესახებ from.ge-სგან შეიტყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შესაბამისი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილი დღეს პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული