საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გამოვლინდა.
მისი თქმით, სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ვინმე სისაური დააკავეს, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი ამჟამად, პატიმრობაში იმყოფებიან.
კბილაშვილის განმარტებით, სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული საქმე 2011 წელს შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, თუმცა აღნიშნული საქმის გამოძიება 2012 წლის 14 ნოემბერს განახლდა და საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები და მოწმეთა ჩვენებები.
საქმის მიხედვით, ბრალდებული თეთრაძე #8-ე საპყრობილეში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც გადაიყვანეს #18-ე სამკურნალო დაწესებულებაში.
კბილაშვილის თქმით, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დასახელდა. გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ნახეთქი ჭრილობა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პატიმარმა ზემოაღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე მიიღო. კბილაშვილის განმარტებით, ეს დადგენილება სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს. მისივე თქმით, 2012 წლის 14 ნოემბერს გაუქმდა დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ, ჩატარდა გამოძიება და დაიკითხნენ მოწმეები.
„მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პატიმარი თეთრაძე, #8-ე საპყრობილის ტერიტორიიდან, შინაგანაწესის უხეში დარღვევით, უკანონოდ გაიყვანეს გლდანის საპყრობილის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მანქანით. მუხაძე თავადაც იმყოფებოდა მანქანაში. მოწმეები ადასტურებენ, რომ 4-5 საათის შემდეგ თეთრაძე იმავე მანქანით იმავე პირებმა დააბრუნეს ციხის ტერიტორიაზე. იგი მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან, იყო წელში მოხრილი და სიარული უჭირდა. ამასთან, მორიგე ექიმი ადასტურებს, რომ პატიმარი თეთრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ნახა არა #53-ე საკანში, არამედ კარანტინის ნახევრად სარდაფულ საკანში“, - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, მოწმის სახით დაკითხული ალექსი ტერაშვილი ყვება, რომ სარეჟიმო სამსახურის უფროსის, ოლეგ ფაცაციასა და უსაფრთხოების უფროს ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით მან და პატიმარმა სისაურმა განახორციელეს ფიზიკური ძალადობა თეთრაძის მიმართ და მას 20 წუთის განმავლობაში სცემდნენ განსაკუთრებული სისასტიკით, წამებით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობით, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და გონების მოუსვლელად გარდაიცვალა.
კბილაშვილის განმარტებით, ადგილი ჰქონდა დანაშაულისა და კვალის დაფარვას, ასევე, გამოძიებისათვის მიცემულ ცრუ ჩვენებებს.
მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია უშუალო აღმსრულებელი სისაური, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.