თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის მერის გიგი უგულავასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
გაბუნიას განცხადებით, უგულავას გუშინდელი განცხადება მის მიმართ, ყოველგვარ ეთიკას მოკლებული და შეურაცხმყოფელი იყო, შესაბამისად, მან საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს.
გაბუნიას განცხადებით, გუშინ მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან შეხვედრის შემდეგ მთელმა საზოგადოებამ ნახა აღშფოთებული და განრისხებული თბილისის მერი გიგი უგულავა.
რომელმაც გაბუნიას თქმით, არაეთიკური, სრულიად მიუღებელი და მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი ფორმებით გამოხატა პოლიტიკური ოპონენტისადმი საკუთარი დამოკიდებულება.
„უგულავამ თქვა, რომ ზაზა გაბუნია ვიღაცას ეტენება. მე მინდა გავახსენო მას, რომ სამი წელია უკვე თბილისის საკრებულოს წევრი ვარ და ყოველთვის პრინციპული ვიყავი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ბიუჯეტიდან არამიზნობრივი ფულის ხარჯვა“, - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმითვე, თბილისის მერმა თავად აჩვენა „შეტენვის“ მაგალითი, როდესაც მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მისვლა და შოუს დადგმა გადაწყვიტა.
„ადამიანისგან, რომელიც შემჩნეულია თბილისის განვითარების ფონდიდან გადარიცხული თანხებით სტრიპტიზ-ბარებში მატრაბაზობაში, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და პირადად მე ვერ ავიტანთ მის კრიტიკას“,- განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქრისტიან- დემოკრატების“ თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ გუშინ ფრაქციის წევრებთან ერთად, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილის მერიის განვითარების ფონდის საქმიანობის შესწავლის თხოვნით მიმართა.