გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღებას გეგმავს.
კანონპროექტი, რომელსაც თურქეთის პარლამენტში მომავალ დღეებში განიხილავენ, Bloomberg-ის მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ისეთი სუბიექტების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომლებიც "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ".
გამოცემის ინფორმაციითვე, "აგენტის" საქმიანობისთვის სასჯელი თავისუფლების 7 წლით აღკვეთაც შეიძლება იყოს.
"გადაწყვეტილება იმ უფრო ვრცელი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ დააინიცირა. ის მსგავსია საქართველოში ახლახან მიღებული კანონისა, რამაც დასავლური სახელმწიფოების კრიტიკა და ქვეყანაში მასობრივი პროტესტების დაწყება გამოიწვია. რუსეთს კრიტიკის ჩასახშობად მსგავსი მექანიზმი აქვს". - წერს Bloomberg-ი.
თურქმა სასამართლო ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა შეშფოთება გამოხატეს კანონის ბუნდოვან და ზოგად შინაარსთან დაკავშირებით. მათი თქმით, თურქეთის პოლიტიკური ინტერესები ცვალებადია და კანონის ბუნდოვანება შესაძლოა, მთავრობისადმი ნებისმიერი კრიტიკის ჩასახშობად იქნეს გამოყენებული.
ოპოზიციური რესპუბლიკელ ხალხთა პარტიის წევრის, ინან აკგუნ ალპის თქმით, კანონი "გაცილებით რეპრესიული გარემოსთვის" ნიადაგს მოამზადებს.
"ეს ძალიან სერიოზული ავტორიტარული კანონია. დანაშაულის განმარტება ბუნდოვანი შინაარსით [საშუალებას აძლევს მთავრობას], ყოველი ოპონენტი დასაჯოს. - თქვა ალპმა.