ბიძინა ივანიშვილი: ახალი მთავრობა, რომლის მეთაურსაც მე წარმოვადგენ, ძირითად პრიორიტეტად ევროინტეგრაციას მიიჩნევს

ბიძინა ივანიშვილი: ახალი მთავრობა, რომლის მეთაურსაც მე წარმოვადგენ, ძირითად პრიორიტეტად ევროინტეგრაციას მიიჩნევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხებს შეეხებოდა, რაც საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგშია.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რომ ახალი მთავრობა, რომლის მეთაურსაც მე წარმოვადგენ, ძირითად პრიორიტეტად მიიჩნევს ევროინტეგრაციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაღრმავოთ და დავაჩქაროთ ეს პროცესი. განვიხილეთ ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგშია. გავაანალიზეთ დინამიკა და დავსახეთ ჩვენი ურთიერთობის რაც შეიძლება სწრაფად განვითარების ამოცანები. ორივემ აღვნიშნეთ დიდი ინტერესი 2013 წლის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით და განვაცხადე, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მოახერხოს და შეასრულოს ის ამოცანები, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკის მოქმედებების გეგმის მიხედვითაა დასახული" - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ვილნიუსის სამიტამდე საქართველოს მთავარ ამოცანას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა წარმოადგენს.

„ასევე, უნდა მოვახერხოთ და ყველა სფეროს მომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები გავაფორმოთ ევროპასთან. ჩვენი მიზანია, თავისუფალი სავიზო რეჟიმის დაწყების განხილვაც. 3 დეკემბერს ევროკომისარ სესილია მალმსტრემს ველოდებით, რომელიც თავისუფალ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გეგმას წარმოგვიდგენს. ვეცდებით ის შევასრულოთ, რათა ვილნიუსის სამიტამდე რეალური გეგმები მივიღოთ " - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ივანიშვილის თქმით, მან ევროკომისიის პრეზიდენტი დაარწმუნა იმაშიც, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერ გააკეთებს, რათა საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული, დემოკრატიული ინსტიტუტები კი ძლიერი იყოს.