მსჯავრდებულ ბესარიონ ხვინთელიანის ძმა ვანო მერაბიშვილის სიმამრს თაღლითობაში ადანაშაულებს

მსჯავრდებულ ბესარიონ ხვინთელიანის ძმა ვანო მერაბიშვილის სიმამრს თაღლითობაში ადანაშაულებს

მსჯავრდებულ ბესარიონ ხვინთელიანის ძმა ძუბა ხვინთელიანი ვანო მერაბიშვილის სიმამრს ალიბეგ სალაყაიას თაღლითობაში ადანაშაულებს.

როგორც დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, საქმე ეხება პოლიტპატიმარ პროფესორ ბესარიონ ხვინთელიანს, რომელიც საზღვარგარეთ საქმიანობდა, ხოლო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო.

ადვოკატის თქმით, ბესარიონ ხვინთელიანი მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრეს და დღესაც რუსთავის #16 საპყრობილეში იმყოფება.

„დაკავების შემდეგ მის ოჯახს უკავშირდებოდნენ ადვოკატები და მოქალაქეები და დახმარებას სთავაზობდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ, ბესარიონ ხვინთელიანის ძმას ძუბა ხვინთელიანს ვანო მერაბიშვილის მეუღლის მამა ალიბეგ სალაყაია გააცნეს, რომელიც ძუბა ხვინთელიანს ამ საქმის მოგვარებას დაჰპირდა და უთხრა, რომ ესაჭიროებოდა 2 დღე, რათა მის სიძესთან ვითარება გაერკვია“ - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, 2 დღის შემდეგ ძუბა ხვინთელიანს ისევ დაუკავშირდა ალიბეგ სალაყაია და უთხრა, რომ ბესარიონ ხვინთელიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების მიუხედავად, საქმეს მაინც მოაგვარებდა.

„შესაბამისად, სალაყაიამ მოითხოვა თანხა. ძუბა ხვინთელიანისგან მან წაიღო 50 ათასი დოლარი, ვითომ საპროცესო შეთანხმებისა და მისი მომსახურებისთვის, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ იგი ადვოკატი არ არის. ამის შემდეგ, სალაყაიამ თავისი გზებით გამონახა პატიმარ ბესარიონ ხვინთელიანის მეუღლესთან მისასვლელი გზა და მისგან დამატებით 10 ათასი დოლარი წაიღო“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ ალიბეგ სალაყაიას უკვე 3 წელია ხვინთელიანებისგან 60 ათასი დოლარი აქვს წაღებული, თუმცა ბესარიონ ხვინთელიანი ისევ ციხეში იმყოფება.

ხაჭაპურიძის თქმით, ძუბა ხვინთელიანი ითხოვს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ალიბეგ სალაყაიას მიმართ თაღლითობის მუხლით.

რაც შეეხება ბესარიონ ხვინთელიანს, ადვოკატის განმარტებით, იგი უარს აცხადებას შეწყალებასა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, რადგან, მისი მიზანი მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანაა.

ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნულ საქმეში სხვა მაღალჩინოსნებიც არიან გარეული, ხოლო საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული.