ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მფლობელი გუნდის დაბრუნებას ითხოვს

ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მფლობელი გუნდის დაბრუნებას ითხოვს

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მფლობელი გრიგოლ ხურციძე გუნდის დაბრუნებას ითხოვს.

ამის შესახებ for.ge-ს პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხურციძის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხურციძე 2006 წელს 11 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „აბსურდული ბრალდებით“ დააპატიმრა,   ბრალის დაუდასტურებლობის მიუხედავად კი, 130 ათასი ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, ხურციძეს მოსთხოვეს საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გადაფორმება „სამი ტუზის“ მფლობელის, ვინმე კვიკვინიას სახელზე.

„ვინაიდან ხურციძე პატიმრობაში იმყოფებოდა და მის ოჯახზეც ხორციელდებოდა ზეწოლა, იძულებული გახდა მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქუთაისის „ტორპედო“ გადაეცა კვიკვინიასთვის. ჩვენ გვქონდა იმ პერიოდში კვიკვინიასთან შეხვედრა და იგი დაკითხვის დროსაც დაადასტურებს, რომ მას ეს გუნდი თავისი სურვილით არ უყიდია. მასაც აიძულეს ეს გუნდი ეყიდა“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ არსებობდა სქემა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა საქმეებშიც კარგად აპრობირებული ჰქონდა.

ხაჭაპურიძის თქმით, კვიკვიანის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, აღნიშნული გუნდი ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთ ფიქტიურ ფირმას „ქუთაისი 2008“-ს გადაეცა.

„ხურციძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. როცა დაბრუნდა გაიგო, რომ გუნდი უნდა ეყიდა „ვისოლი ჯგუფს“. გააკეთა არა ერთი საჯარო განცხადება, რომ „ვისოლი ჯგუფს“ არ შეეძინა მის მიმართ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, მაგრამ ცოტა ხანში მას დაუკავშირდა ქუთაისის ყოფილი მერი თევდორაძე, რომელმაც უთხრა, რომ იგი მოქმედებდა იმერეთის გუბერნატორის დავალებით და თუ ხურციძე ხმას ამოიღებდა და „ტორპედოს“ დასაბრუნებლად ბრძოლას დაიწყებდა, კვლავ დააპატიმრებდნენ“- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განმარტებით, ხურციძე იძულებული გახდა შეეწყვიტა სამართლებრივი ბრძოლა. შედეგად კი, ქუთაისის ტორპედო „ვისოლი ჯგუფს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა.

როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ამ დანაშაულებრივი მაქინაციების გასაშიფრად.

ამასთან, ხურციძე ითხოვს იმ საქმეზე, რაზეც გაასამართლეს, დადგეს მისი გამამართლებელი განაჩენი და საკუთრებაში დაუბრუნდეს ქუთაისის „ტორპედო“.

„გარდა ამისა, იმ პერიდოში მას ჰყავდა ავტომობილი X5, რომელიც პირადად წაართვა ჯერ ქუთაისის კუდ-ის თავმჯდომარემ, ბაჩო ახალაის მეგობარმა არჩაიამ და არ დაუბრუნა, სანამ ხურციძეს სხვა მარკის ავტომობილი არ მიაყვანინა, რომელიც მან სპეციალურად შეიძინა და კუდ-ის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვითომდა საჩუქრად გადასცა. ამ ამბიდან 2 კვირის შემდეგ სოდ-ის თავმჯდომარემ წაართვა მანქანა. რომელიც ახლაც წართმეულია და სად იმყოფება, მაშინდელი სოდ-ის უფროსი ბატონი კოდუა გასცემს პასუხს“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.