იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი დავით სააკაშვილი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ მან განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ახალ ხელისუფლებას სასამართლო სისტემის დახვეწასა და კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებაში დაეხმარება.
„2 ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ გადალახა დემოკრატიის გზაზე მიმავალი ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი, რომელიც სამართლიანი არჩევნების და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით მსოფლიო საზოგადოების აღიარება მოიპოვა. ქართველი ხალხის მოპოვებული მანდატი ახალ მთავრობას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ - იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს წლების მანძილზე ვემსახურებოდით. რეფორმები უნდა გაგრძელდეს ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით სასამართლო სფეროში, რომელიც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორია.
მეც, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, გვაქვს იმედი, რომ სასამართლო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მოსამართლეებით იქნება დაკომპლექტებული. მოსამართლეების შერჩევა და მომზადება უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის უმთავრესი პრეროგატივა, რომელმაც ამ წლების მანძილზე ქართულ სასამართლოს ძალიან ბევრი პროფესიონალი კადრი მოუმზადა. მე ამ სკოლას ჯერ კიდევ 2000 წლიდან ვხელმძღვანელობ და დღეს მივიღე გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გადადგომის განცხადებით მივმართო.
ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება ახალ ხელისუფლებას სასამართლო სისტემის დახვეწასა და კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებაში დაეხმარება“, - განაცხადა სააკაშვილმა.