თეთრიწყაროში უმცირესობის წევრების გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა

თეთრიწყაროში უმცირესობის წევრების გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან უმცირესობის ლიდერები პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე , ირმა ნადირაშვილი და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ბეჟუაშვილი მივიდნენ.  მათ მისვლას გამგეობის შენობასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მისულმა უმცირესობის წევრებმა მოპიკეტეებს სთხოვეს, გამგეობისთვის მუშაობის საშუალება მიეცათ.

მოპიკეტეები უმცირესობის თხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

უმცირესობის წევრები პოლიციას რეაგირებას სთხოვენ. რამდენიმე მათგანი ამ დროისთვის პოლიციის უფროსს ხვდება.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, არსებობს ფაქტები და თეთრიწყაროში არსებული ვითარება ერთ-ერთი ფაქტია, რომ  „ქართული ოცნების“ მიერ, საკრებულოსა და გამგეობაზე წეზოლა ხორციელდება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ,  რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თვითმმართველობის ორგანოებზე მიდის ზეწოლა,  ჩვენი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ გვეუბნებიან,  რომ ამის ფაქტები არ არსებობს, ესაა ამის ფაქტები.  თეთრიწყაროს საკრებულოსა და გამგეობის შენობის ბლოკირება  „ქართული ოცნების“ მიერ ხდება“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აქტივისტები დილიდან შენობის კარში ჩადგნენ და გამგეობის თანამშრომლებს შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის 50-მდე მონაწილე თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის,  მისი მოადგილისა და 20-ვე სოფლის გამგებლის მოხსნას ითხოვს.