საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით ან სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტით, პოლიტპატიმრის დეფინიცია დადგენილი არ არის, თუმცა, განცხადების თანახმად, მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია #1900, რომლითაც პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია დაადგინა.
შესაბამისად, არასამთავრობოების განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმე შეისწავლოს მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო და შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს ევროპის საბჭოს მოთხოვნები და პოლიტპატიმრების საქმეთა შესწავლისას ზემოაღნიშნული რეზოლუცია გაითვალისწინოს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პოლიტპატიმრების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, პარლამენტის ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის.
არასამთავრობოები ამბობენ, რომ სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას.
„ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და `კონსტიტუციის 42-ე მუხლი~ მივიჩნევთ, რომ ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დადგენილი ორკვირიანი ვადის ფარგლებში და ჯგუფის მიერ განსაზღვრული ფორმატით, შეუძლებელია 185 პოლიტიკური პატიმრისა და 13 პოლიტიკური დევნილი პირის საქმეებზე სრულყოფილი დასკვნების მომზადება.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატის ვადის გაგრძელება არ იგეგმება, რაც საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა.
მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და `კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ვერ კისრულობს ამ ფორმატით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის ვალდებულებას და მუშაობას წყვეტს. ამასთან, გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენ მიერ წარმოებული საქმეები და მომზადებული დასკვნები წარვადგინოთ ჯგუფში და ამ მხრივ დავეხმაროთ მას მუშაობაში.
სამუშაო ჯგუფის შექმნა მიუთითებს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პარლამენტი საკითხს სიღრმისეულად მიუდგეს, უზრუნველყოს სამართლიანი და ობიექტური პროცედურები, რათა საზოგადოებას უსამართლობის განცდა არ გაუჩნდეს. ამასთან, უცნობია, თუ რა პროცედურით აპირებს პარლამენტი სამუშაო ჯგუფის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. ამასთან, ამ პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამ მიმართულებით“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავენ, რომ ჯგუფის დატოვების მიუხედავად, ამ მიმართულებით იმუშავებენ და საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდიან.