წალკაში გამგებლის გადადგომის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია იმართება

წალკაში გამგებლის გადადგომის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია იმართება

"ქართული ოცნების“  აქტივისტები წალკის გამგებლის მიხეილ ცქიტიშვილის გადადგომას მოთხოვენ და  წალკის გამგეობის შენობასთან  გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.

„ქართული ოცნების“ წალკის შტაბის უფროსის ელგუჯა შავაძის განცხადებით, თუ გამგებელი არ გადადგება,  სკოლის დირექტორები და მასწავლებლებიც გამოვლენ და სკოლაში სწავლა შეწყდება.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამგეობის შენობასთან შეკრებილები 24 საათიანი აქციებით იმუქრებიან.

წალკის საკრებულოს  8 დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა და გამგებლის გადაყენების მოთხოვნებს შეუერთდა.

„ქართული ოცნების“  შტაბის უფროსის განცხადებით, ამირან საგინაძე, მიხეილ ჯაყელი, ჯემალ ნაკაიძე, ავთანდილ დავლაძე, ნოდარ გიორგაძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატს განცხადებები დაწერილი აქვთ და აპირებენ, აქციას შემოუერთდნენ.

ადგილობრივი მმართველობის შეცვლას ითხოვენ თეთრიწყაროშიც. იქ შეკრებილი  „ქართული ოცნების“ აქტივისტები, თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ.