შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის სალომე მახარაძის განცხადებით, სამსახურიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თავად არ მიუღია.
როგორც მახარაძე from.ge - სთან საუბარში აცხადებს, ღარიბაშვილმა მას უთხრა, რომ მისი სურვილის მიუხედავად, თანამდებობა უნდა დატოვოს.
„მინისტრმა მითხრა, რომ თანამდებობა უნდა დავტოვო ან სხვაგან გადავიდე სამუშაოდ. მისგან შეთავაზება რამდენიმე ადგილზე მივიღე და შემეძლო ნებისმიერ სხვა ადგილას მემუშავა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი პროფესია ესაა და მირჩევნია, აქ თუ არ ვიქნები, წავიდე და ამ პროფესიით, სხვაგან ვიმუშაო. ვისთან იყო შეთანხმებული ეს გადაწყვეტილება არ ვიცი და არც მიკითხავს. ამჟამად, ეს ჩემი ინტერესის სფერო არაა. ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ ერთობლივად ბევრი რამ გავაკეთეთ და მომავალი თვის სამომავლო გეგმებზეც ვსაუბრობდით“, - განაცხადა მახარაძემ.
მისი თქმით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია და აღნიშნავს, რომ მისი წასვლის შესახებ, ჯერ არც შსს-ს გამოუქვეყნებია.
„ეს ფურცელზე დაწერილი ტყუილი იქნებოდა. მე არ დამიწერია განცხადება, რადგან მე სამსახურის დატოვება არ მინდოდა“,- განაცხადა მახარაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად, ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი დაინიშნა.