საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი პრაღაში დღეს დაიწყო. იგი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პლენარული სხდომა პრაღის კონგრესცენტრში იმართება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით 3 საათზეა დაგეგმილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები. შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.
ქვეყნის პირველი პირი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის მილან შტეკისა და ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მიროსლავა ნემცოვას სახელით გამართულ მიღებასაც დაესწრო. მიხეილ სააკაშვილს პირადად დახვდა ჰიუ ბეილი, რომელსაც დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩევენ.
პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან კარლ ლამერსთან და ევროსტრუქტურების სხვა წარმომადგენლებთან.
ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს პირველი პირი სამუშაო ვიზიტით ბელგიას ეწვევა, სადაც ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში.