თბილსიის მერი გიგი უგულავა ეკონომიკის სამინისტროს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სახელმწიფო მფლობელობაში გადასვლის ინიციატივით მიმართავს.
ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კანონით შესაძლებელია, რომ ტრანსპორტის კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს.
უგულავას განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტის კომპანიის მართვას სახელმწიფო განახორციელებს.
მისივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ ის გიორგი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა.
„პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ორი თანამშრომელი, რომელთა გადადგომასაც მძღოლები თუ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ითხოვენ. ჩვენი სახელით ეკონომიკის სამინისტროში შევა წერილი და ჩვენ ვთხოვთ ცენტრალურ მთავრობას ტრანსპორტის კომპანია მთლიანად წაიღოს მუნიციპალური ბიუჯეტიდან სახელმწიფო საკუთრებაში. მათ ექნებათ საშუალება, რომ კომპანიის ხელმძღვანელად ლევან კოპლატაძის ნაცვლად სხვა ადამიანი დანიშნონ" - განაცხადა უგულავამ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მათ წინადადებას დასთანხმდება.