მაია ნიკოლეიშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს

მაია ნიკოლეიშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს სისხლის სამართლის იმ საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართავს, რომლის თანახმად, მან და სხვა პირებმა ხელისუფლების დამხობის მიზნით სახელმწიფოს ღალატი ჩაიდინეს.

ამის შესახებ მაია ნიკოლეიშვილი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც from.ge  უცვლელად გთავაზობთ:

"მე - დამოუკიდებელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა 2012 წლის 8 ნოემბერს განცხადებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და მოვითხოვე სისხლის სამართლის საქმის გადახედვა, რომლის მიხედვითაც, მე და სხვა 12-მა პირმა თითქოს ჩავიდინეთ დანაშაული სახელმწიფოს ღალატი ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, შეთქმულების გზით. ამ დღეს 6 წელი ველოდი, დღემდე ვინარჩუნებდი დუმილს. ვიცი რა, საზოგადოებისა და მედიის დიდი ინტერესი აღნიშნული საქმის მიმართ, მსურს შევქმნა პრეცენდენტი, როდესაც გამოძიება თავისუფალი იქნება მედიისგან პარალელური გამოძიებების წარმოებით და დაზარალებულის ინტერვიუებით ყოველგვარი გავლენისა და ზეწოლისგან. ამით ვადასტურებ ჩემს ნდობას ახალი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ხელახალი გამოძიებით ბევრი ახალი გარემოება გახდება ცნობილი, რაც აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებაში დღემდე არსებულ დამოკიდებულებებსა და შეფასებებს რადიკალურად შეცვლის" - ნათქვამია მიმართვაში.

2006 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ბრალდებით, 29 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყო იგორ გიორგაძის პარტია „სამართლიანობასთან" ალიანსში მყოფი მოძრაობა „ანტი-სოროსის" თავმჯდომარე მაია ნიკოლეიშვილი.