პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე თბილისის მერის, გიგი უგულავას მთავრობის სხდომაზე მისვლის ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდა.
საგულისხმოა, რომ კანცელარიაში შეხვედრის ვიდეო მასალის გამოქვეყნებას დაჟინებით ითხოვდა გიგი უგულავა
გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, უგულავას თავდაპირველად მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე უხსნის, რომ თუ მერი მიწვეული არ არის, მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ აქვს.
კანცელარიის თანამშრომლები გიგი უგულავას ასევე უხსნიან, რომ თბილისელების სოციალური შეღავათების საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ არის შეტანილი, რაზეც უგულავა პასუხობს, რომ "მთავრობის პრობლემაა, თუკი ის საკითხის განსახილველად მზად არ არის".
ამის შემდეგ ქალაქის მერს უკვე თავად პრემიერმა განუცხადა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, მას თავად დაუძახებდნენ.
"არასწორად იქცევი, გიგი. თქვენ არღვევთ სუბორდინაციას. ეს არის მთავრობის სხდომა, თქვენ კი არ ხართ მთავრობის წევრი. ჩვენ შეგვიძლია, დაგიძახოთ და მოგიწვიოთ. კეთილი ინებეთ და მიბრძანდით, ძალიან გთხოვთ. თქვენ ასე იქცეოდით და გაგდიოდათ. ჩვენ გვინდა წესრიგის დამყარება. დებოშს ნუ აწყობთ", - მიმართა ივანიშვილმა უგულავას.
დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ მას სურდა მოესმინა, რას აპირებდა საქართველოს მთავრობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 600 ათას ადამიანს ეხება.
"თუ პასუხს ვიღებ, რომ არ აპირებს ამ საკითხის განხილვას, მე დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ ვაპირებ აქ დარჩენას. არ არის ნერვების აშლა საჭირო. ასწავლეთ ჭკუა იმას, ვისაც სჭირდება", - აცხადებს უგულავა, და ამ სიტყვების შემდეგ ის მთავრობის სხდომის დარბაზს ტოვებს.