გაერთიანებული შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი კალანდაძესა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილ მეთაურს ზურაბ შამათავას , თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 -20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. რაც შეეხება შსს-ს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
დღეს გამართულ პროცესზე ადვოკატებმა სასამართლოს შამათავასა და კალანდაძის თავდებით გათავისუფლებას შუამდგომლობით მიმართეს, მათი ალტერნატიული შუამდგომლობა კი, სწორედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იყო.
პროკურატურას წარმოადგენდნენ პროკურორები გიორგი ცხოვრებაძე და გრიგოლ შაშიაშვილი.
ზურაბ შამათავას ინტერესებს ადვოკატი დავით დეკანოიძე, ხოლო გიორგი კალანდაძეს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე იცავდა.
გაერთიანებული შტაბის ყოფილ ხელმძღვანელსა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს, ზურაბ შამათავას , სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსისის 333 -ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალი წაუყენა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს.