გენერალთა კლუბი ბაჩო ახალაიასა და  გიორგი კალანდაძის დაკავებას ეხმაურება

გენერალთა კლუბი ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის დაკავებას ეხმაურება

საქართველოს გენერალთა კლუბი   ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას  დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.  გენერალთა კლუბის განცხადებას  From.ge უცვლელად გთავაზობთ:

"დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე აქტიური განხილვის საგანი გახდა ის გახმაურებული დაკავებები, რომელიც განხორციელდა გუშინ და დღეს. ექს-ხელისუფლების და აწ უკვე უმცირესობის წარმომადგენლები უმრავლესობას და ხელისუფლებას ბრალს სდებენ იმაში, რომ ეს დაკავებები პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ექს-სპიკერმა დავით ბაქრაძემ და უმცირესობის სხვა წარმომადგენლებმა ხელისუფლება ომის გმირების უკანონო დაპატიმრებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.

საქართველოს გენერალთა კლუბისთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ასეთი შეფასებების მოსმენა, იმ ხელისუფლების უმაღლესი ჩინოსნების მხრიდან, რომლებმაც 1992-1993 წლის ომის ვეტერანები სახელმწიფოს მტრად გამოაცხადეს. მათი კანონიერი მშვიდობიანი აქციის და მოთხოვნების გამო სასტიკად გაუსწორდნენ 2010 წლის 3 იანვარს დიდების მემორიალთან. 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებზე ასეულობით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რათა თავიანთი დანაშაულებები გადაეფარათ. მუხროვანის "ფსევდოაჯანყების“ ბრალდებით ციხეებში გამოამწყვდიეს ათეულობით აგვისტოს ომის მონაწილეები, ოჯახები და მომავალი დაუნგრიეს. ომის ვეტერანები თავისიანებად და მტრებად დაყვეს, მეომრის და სამშობლოს ჯარისკაცის პრესტიჟი სრულიად დასცეს და გაანადგურეს.

ექსხელისუფლების წარმომადგენლებისგან ასეთი ბრალდებების წამოყენება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ მხოლოდ პირადი მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ და სახელმწიფოებრივი აზროვნება მათთვის სრულიად უცხოა",- ნათქვამია საქართველოს გენერალთა კლუბის განცხადებაში.