პარტია „თავისუფალ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება მოხდება და უკლებლივ ყველა დამნაშავე - როგორც უკანონო ბრძანების გამცემი, ასევე ამ ბრძანების შემსრულებელი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.
აღნიშნულის შესახებ, პარტია განცხადებას ავრცელებს.
პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებით აცხადებენ, რომ 7 ნოემბრის მოვლენების ობიექტური გამოძიების შედეგად, დადგინდება პირადად მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების ბრალეულობა.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „თავისუფალი საქართველოსთვის“, როგორც პოლიტიკური გუნდისთვის,, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა ყველა ის რეპრესია, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ახორციელებდა ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაზე და რაც განსაკუთრებით გამძაფრდა 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, ყოვლად მიუღებელია დამნაშავეთათვის რაიმე მოსაზრებებით სამართლებრივი ამნისტიის გამოცხადება. დაუშვებელია საკუთარ ხალხზე მოძალადე ყოფილმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არათუ შეინარჩუნონ თავისუფლება, არამედ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით“, - ნათქვამია „თავისუფალ საქართველოს“ მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე, პარტიაში მიიჩნევენ, რომ 7 ნოემბრის მოვლენების პარალელურად, უნდა დაიწყოს გამოძიება 2009 წლის აპრილის გამოსვლებისას მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებზე, 2011 წლის 26 მაისის სისხლიან დარბევაზე და ყველა სხვა ფაქტზე, რომლებშიც ასევე ქვეყნის იმჟამინდელი ხელისუფლების პირველი პირების უმძიმესი დანაშაულები იკვეთება.