მიხეილ სააკაშვილმა დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დავალებათა ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში მელანე ვერვერი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
პრეზიდენტმა მას, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წინსვლა უსურვა.
ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობა და თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებში კვლავაც გაგრძელდება. კერძოდ, მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში, ნატოში ინტეგრაციის პროცესში, სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით, დემოკრატიის განვითარების მხრივ და რეფორმების ხელშეწყობის მიმართულებით.
სააკაშვილმა მადლიერება გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიმართ, რომელიც ცალსახად და მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრის მთავარი თემა ასევე გენდერული თანასწორობა და რეგიონში ქალთა როლის წინ წამოწევა იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქალები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ქვეყნის განვითარების საქმეში, რაზეც, პრეზიდენტის თქმით, საქართველო ინტენსიურად მუშაობს.
„მინდა მოგილოცოთ წარმატებული საარჩევნო პროცესის ბარაკ ობამას გამარჯვებით დასრულება. ჩვენ ძალიან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის ყველა დეპარტამენტთან. ის წარმატებები, რომლებიც საქართველომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში მიაღწია, მართლაც ისტორიულია” - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე, უმაღლეს საფეხურზეა თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. კერძოდ, ქართული ჯარის წვრთნისა და აღჭურვის თვალსაზრისით, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ნატო-ში მისწრაფების ხელშეწყობის მხრივ და ასევე, გამოკვეთილი მხარდაჭერა საქართველოს პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ვახორციელებთ.
მისი თქმით, სწორედ ეს ადმინისტრაცია იყენებდა ტერმინს „ოკუპირებული ტერიტორიები“ და მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თავისუფლებას, დემოკრატიასა და დამოუკიდებლობას.
„ასე რომ, მოხარული ვართ ამ გამარჯვებით და მომავალშიც ვგეგმავთ თანამშრომლობას როგორც პრეზიდენტ ობამასთან, ისე მის ადმინისტრაციასთან. ამასთან, ვიცი, რომ მომავალი გეგმები უფრო გლობალურია და ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. არ შემიძლია არ გამოვთქვა თანამშრომლობის სურვილი მით უფრო მაშინ, როდესაც არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აღვნიშნო, გარდა ამისა, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა საკითხებს.
„პირადად მე, მივიჩნევ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეს არის ჩვენი კულტურული გეგმების, პოლიტიკისა და იმ პროგრამების მთავარი შემადგენელი, რომლებსაც საქართველოში ვახორციელებთ. მეტი რომ არაფერი ვთქვათ, ამჟამად, ჩვენს ქვეყანაში არ არის მარტივი სიტუაცია, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა დავუთმოთ ყურადღება ამ საკითხს და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით იმის მიუხედავად თუ როგორია ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება ან რა სირთულეების წინაშე ვდგავართ“ - განაცხადა შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.
მელანე ვერვერის თქმით, ამ მხრივ, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და პროგრესიც შეინიშნება. როგორც მან აღნიშნა, ორი ქვეყანა ამ მიმართულებით დიდი ხანია თანამშრომლობს და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს. იგი იმ პრობლემებსაც შეეხო, რომელთა წინაშეც კავკასიის რეგიონის ქალები ამჟამად დგანან და განაცხადა, რომ ქალთა როლის ამაღლების თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მთელი რეგიონის მასშტაბით.
სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დავალებათა ელჩმა იმ წარმატებებზეც ისაუბრა, რომლებსაც საქართველომ ქალთა ძალისხმევით მიაღწია. ამ მხრივ, მან ქვეყნის პირველი ლედის სანდრა ელისაბეტ რულოვსის როლი გამოყო.
„არაჩვეულებრივად მახსოვს ჩემი სტუმრობა საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს. გუშინ მე ვესაუბრე თქვენს მეუღლეს და ვერ ვიჯერებ იმას, რაც ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა. მახსოვს, ამ საკითხს 2-3 წლის წინათ განვიხილავდი მასთან და ამ მიმართულებით ნამდვილად უდიდესი პროგრესი შეინიშნება“ - განაცხადა მან.
მელანე ვერვერი ჩვენს ქვეყანას ამჟამად კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. საქართველოს გარდა, იგი გენდერული თანასწორობისა და ქალთა როლის ზრდის საკითხებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში, პოლონეთსა და უკრაინაში გამართავს შეხვედრებს.