პოლიტოლოგი გია ნოდია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას დაჭერას გამოეხმაურა.
ნოდიას შეფასებით, წუხანდელი დაჭერები მხოლოდ შურისძიების გრძნობის დაკმაყოფილება არ არის.
აღნიშნულის შესახებ, ნოდია სოციალურ ქსელ facebook - ის საკუთარ გვერდზე წერს.
ნოდია მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა პრეზიდენტთან, რომელსაც აქვს ჯარზე ზემოქმედების კონსტიტუციური ბერკეტი და უნდათ, ეს დაათმობინონ.
„მაგრამ „საზოგადოება“ სწორედ რომ შურისძიებით გრძნობით ხარობს. ეს ეხება არა მხოლოდ გადაკლულ ბიძინისტებს, ვისთვისაც სწორედ ბაჩო ახალაიას დაჭერით დაიწყო ოცნების ასრულება, არამედ ბევრ ჩემ თვალში გონიერ და ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანსაც. მათი ძირითადი აზრი ესაა: „აბა თვითონ რომ ცუდად იქცეოდნენ, ახლა თავის თავზე იწვნიონ“, - წერს ნოდია და აღნიშნავს, რომ სამართლის შერჩევითობა და პოლიტიზება „ნაცმოძრაობის“ მთავრობისთვის უცხო ნამდვილად არ ყოფილა.
თუმცა, ნოდიას შეფასებითვე, მთავარია, ე.წ. ობიექტურმა საზოგადოებამ შეიგნოს, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობა უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
„შესაძლოა, ისინი ზემოაღნიშნული შეცოდებებისთვისაც დაისაჯნენ არჩევნების წაგებით. დღეს, არის ახალი ხელისუფლება და ახალი საფრთხეები, რომელსაც ან უსწორებ თვალს, ან არა. გარდა არარეალისტური სოციალური დაპირებებისა, „ოცნება“ პირველ რიგში დემოკრატიის ზეიმს გვპირდებოდა და ამ ნიშნით განასხვავებდა თავს „ნაცმოძრაობისაგან“. ამიტომ, იმ არგუმენტის მოტანა, „აბა ისინიც ხომ ასე იქცეოდნენო“, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულია. ხოდა, იგრძენით უხერხულობა“, - წერს პოლიტოლოგი.