"უფლებადამცველთა გაერთიანება“ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს მანდატურების უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულის შესახებ, უფლებადამცველთა გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და 5 ნოემბერს ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში მასსა და სხვა ხელმძღვანელი პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარის გამო, შვიდი სასამართლოს მანდატური სამსახურიდან გაათავისუფლა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 ოქტომბრის შემდეგაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ხელმძღვანელობის მხრიდან შევიწროებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას განვიცდიდით, ამიტომ კოლექტიური წერილით სასამართლოს თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს მივმართეთ,სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიტიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, პროტესტის ნიშნად სამსახურს ვტოვებდით და ეს არ ყოფილა განცხადება თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, არამედ იყო მიმართვა, რომ თავმჯდომარეს სასამართლოში სიტუაცია გამოესწორებინა. თუმცაღა მამია ფხაკაძემ ეს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებად შეაფასა და მას შემდეგ, რაც მის მიმართ „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ბრალდებები ჩვენი მხრიდან გაჟღერდა, ყველა ჩვენგანი იმავე საღამოს სამსახურიდან გაგვათავისუფლა. ჩვენ წლებია, ვხედავთ, თუ როგორ აყენებდა უშიშროების სამსახური მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესებისას ფარულ ჩამწერებს ე.წ. „ჟუჩოკებს“ ადვოკატების და ნაფიც მსაჯულების მაგიდების ქვეშ, როგორ ირჩევდნენ მათთვის სასურველ ადამიანებს ნაფიც მსაჯულებად, როგორ ამზადებდნენ 500-კაციან საკნებს სასამართლოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და მრავალი სხვა, რამაც ჩვენი პროტესტი გამოიწვია“, - ნათქვამია მანდატურების განცხადებაში.
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ მამია ფხაკაძის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 95-ე მუხლთან, ვინაიდან ფხაკაძეს თუკი თანამშრომლების განთავისუფლება სურდა, მას ინდივიდუალური განცხადებები უნდა დაეკმაყოფილებინა და არა კოლექტიური.
„ამასთან, კოლექტიურ განცხადებაშიც არსად წერია, რომ თანამშრომლები განთავისუფლებას ითხოვდნენ ან სამსახურიდან საბოლოოდ წასვლას გეგმავდნენ. ფხაკაძის გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან სასამართლოში გასაჩივრდება“, - აცხადებს მჟავანაძე.