მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ჩვენებებს აქვეყნებს, რომლის საფუძველზეც ბაჩანა ახალაია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა დააკავეს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ტექსტში მოწმეთა პირადი მონაცემები მითითებული არ არის.
From.ge ერთი-ერთი მოწმის ჩვენებას უცველალად გთავაზობთ:
„საქმის ირგვლივ და დასმულ შეკითხვებზე მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპისათვის ადვოკატის მომსახურებას არ ვსაჭიროებ და მზად ვარ მოგცეთ ჩვენება. ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ჩემს ოჯახთან ერთად, მყავს მეუღლე და 5 წლის ვაჟი.
2011 წლის ოქტომბრის თვემდე ვმსახურობდი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ამჟამად ვარ უმუშევარი, ვინაიდან ხსენებულ პერიოდში უკანონოდ შემიწყვიტეს კონტრაქტი. სამხედრო სამსახური დავიწყე 2004 წლიდან და მქონდა სერჟანტის წოდება, თავდაპირველად მსახური დავიწყე კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონში, შემდგომ შევიცვალეთ დისლოკაციის ადგილი და გადაგვიყვანეს ქ. თბილისში მდებარე ვაშლიჯვარის ნაწილში, ხოლო 2011 წლის სექტემბერში ვაშლიჯვარში არსებული სამხედრო ნაწილის მოსამსახურეების გარკვეული ნაწილი გადაიყვანეს სხვადასხვა ბრიგადაში, მათ შორის მე, დ. ხ., ბ. გ., გ. კ., ნ. ქ., ნ. დ. და კიდევ რამდენიმე პიროვნება, რომელთა სახელებიც არ მახსოვს გადაგვიყვანეს მე-4 ქვეით ბრიგადაში, რომელიც დისლოცირებულია ვაზიანში.
როდესაც ჩვენი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ გადაგვიყვანეს ვაზიანში, პირადად მე ხშირად გამოვთქვამდი უკმაყოფილებას და ზოგჯერ უხამსი სიტყვებითაც მოვიხსენიებდი თავდაცვის სამინისტროს იმდროინდელ ხელმძღვანელ პირებს, რომელთა შორისაც იყო პირველ რიგში თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და გენშტაბის მოვალეობის შემსრულებელი გიგი კალანდაძე. ვაზიანში სამსახურის დაწყებიდან მცირე ხანში, იქნებოდა 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისი - მე, ნ. ქ. და დ. ხ., დაახლოებით ღამის 12 საათზე ბრიგადიდან სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ორმა პიროვნებამ, „ჰაილუქსის“ ავტომობილით წაგვიყვანეს ქ. თბილისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, მისვლისთანავე აგვიყვანეს მინისტრის, ბაჩო ახალაიას მისაღებში, სადაც დაგვხვდა მე-4 ბრიგადის მეთაური შამათავა, მისი სახელი არ მახსოვს და ჩემთვის უცნობი ერთი პიროვნება, ასევე მისაღებში იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სამი სამხედრო მოსამსახურე, კერძოდ ესენი იყვნენ ვაშლიჯვრიდან ჩვენთან ერთად ვაზიანში გადაყვანილი - დ. დ., ბ. გ. და გ. კ., რომელთა ჩათვლით სულ ვიყავით 6 სამხედრო მოსამსახურე. მისაღებიდან მინისტრის კაბინეტში პირველი შევიდა შამათავა, ხოლო შემდეგ კაბინეტიდან ერთმა პიროვნებამ დაუძახა და შეიყვანეს დ. დ., დაახლოებით 5 წუთში, კაბინეტიდან დამიძახა ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ და შემიყვანეს მეც, კაბინეტში იმყოფებოდა თავად მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც იჯდა მაგიდასთან, ხელში ეჭირა დიდი ზომის დანა, რითაც ჭრიდა და მიირთმევდა ხილს, ოთახში ასევე იმყოფებოდნენ, იმდროისათვის გენშტაბის მოვალეობის შემსრულებელი - გიგი კალანდაძე, ი. ს., მე-4 ბრიგადის მეთაური - შამათავა და ჩემთვის უცნობი კიდევ რამდენიმე პიროვნება.
როდესაც შევედი ოთახში, იქიდან გაიყვანეს დ. დ., რომელსაც გარეგნულად ჩემთვის შესამჩნევი რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, მინისტრის მაგიდის პირდაპირ იდგა სკამი სადაც მითხრეს, რომ დავმჯდარიყავი, პირველი რაც უხეში ტონით მკითხა თავად მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, იყო შემდეგი: - „შენ ბიჭო ვის აგინებ, რით ხარ უკმაყოფილო“, რის შემდეგაც თავად მინისტრმა „ლეპტოპით“ მომასმენინა ჩემი საუბრის ჩანაწერი, სადაც გამოვთქვამდი უკმაყოფილებას და შეურაცმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიებდი ხელმძღვანელობას. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ჩემი საუბრის ჩანაწერი ფარულად განხორციელებული იყო ... ბაზაზე, კერძოდ, ჩვენ მოსასვენებელ ოთახში, როდესაც მომასმენინეს ჩემი საუბარი, მინისტრმა და იქ მყოფმა პირებმა მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ მაგინებდნენ დედას.
მინისტრი ადგა ფეხზე, მომიახლოვდა და დანა, რომელიც ხელში ეჭირა ჩამარტყა თავში ბლაგვი პირით, აქვე მოგახსენებთ, რომ თავზე რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიმიღია, ამავე დროს ოთახში მყოფმა ორმა პირმა, როდესაც თავდახრილი ვიჯექი სკამზე, რამდენჯერმე დამარტყეს გვერდებში, მათ შორის, როგორც მახსოვს, იყო გიგი კალანდაძე, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა ჩემი დასჯის პროცესში.
აღნიშნულის შემდგომ, როგორც მახსოვს ოთახში შემოიყვანეს ჩემთან ერთად მყოფი სხვა სამხედროები, რომელთაც როგორც მინისტრმა, ასევე კალანდაძემ და შამათავამ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კაბინეტში ვიმყოფებოდი დაახლოებით ნახევარი საათი, შემდგომ ყველას დაგვადეს ხელბორკილი და სხვადასხვა ავტომობილებით წაგვიყვანეს ...ში, სადაც ასევე წამოვიდა თავად ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა. როდესაც მივედით ნაწილში, ...-ში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები მინისტრის მითითებით მოაწყვეს ერთ-ერთ შენობაში მდებარე დარბაზში, რომელთა წინაშეც დაგვაყენეს ხუთი სამხედრო მოსამსახურე, ერთადერთი იმ დროისათვის ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა დ. დ., შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ ვიყავით დასჯილები ჩვენს მიერ გამოთქმული უკმაყოფილების გამო და სასჯელის სახით უნდა შეგვესრულებინა სხვადასხვა შავი სამუშაო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც გამოგვიყვანეს დარბაზიდან პირადად მე, ორმა სამხედრომ ჩამსვა „ჰაილუქსის“ ავტომობილში და გამიყვანეს ...-ის ტერიტორიიდან, არ გასულა 05 წუთი, როდესაც მძღოლის გვერდით მჯდომ სამხედროს დაურეკა ვიღაცამ და უკანვე მოგვაბრუნეს ნაწილში, გადამიყვანეს ავტომობილიდან იმავე შენობის წინ სადაც იყო დარბაზი, ადგილზე შეკრებილნი იყო დაახლოებით 20-30 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა თვალწინაც შამათავა და სერჟანტი გ. უმოწყალოდ მცემდა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, ძალადობის დროს ვინაიდან ვიყავი პირქვე დავარდნილი არ დამინახავს ხსენებულმა პირებმა ცემისას გამოიყენეს თუ არა რაიმე ბლაგვი საგნები, იმ დროისათვის ამ ფაქტს ადევნებდა თუ არა თვალყურს თავად მინისტრი ბაჩო ახალაია, ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცაღა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ იგი ზუსტად ამ დროს იმყოფებოდა ნაწილში და გამორიცხული იყო მისი მითითების გარეშე ასე უმოწყალოდ ვეცემე დასახელებულ პიროვნებებს.
ფიზიკური შეურაცყოფის შედეგად სხეულის სხვადასხვა მიდამოში მივიღე მრავლობითი დაზიანება და დაჟეჟილობა, თუმცაღა შემდგომ არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმომიჩინეს, რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მოსამსახურეს, მათ შორის დ. ხ.-ს, ბ. გ.-ს, ნ. ქ.-ს და გ. კ.-ს, მათ მიაყენეს თუ არა ფიზიკური შეურაცყოფა იმ საღამოს, ჩემთვის უცნობია. აღნიშნულის შემდეგ მე და აღნიშნული ოთხი მოსამსახურე, რამდენიმე ავტომობილით წაგვიყვანეს ქ. თბილისში, თავდაცვის სამინისტროსთან მდებარე სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მე პირადად, ორმა ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ მაიძულა, დამეწერა ახსნა-განმარტება, თითქოს ჩვენ ...-ის ბრიგადაში ვაპირებდით არეულობის მოწყობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით თუ აღნიშნულს არ დავადასტურებდი, უარესი მომელოდა წინ, ამავე დღეს ასევე ჩემთვის უცნობმა პიროვნებებმა დამაწერინეს პატაკი სამხედრო სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რის საფუძველზეც შემიწყვიტეს კონტრაქტი. აღნიშნულის შემდგომ დასახელებულ პიროვნებებთან და ზოგადად სამხედრო სამსახურთან რაიმე შეხება არ მქონია, ამჟამად ვარ უმუშევარი. საქმის ირგვლივ სხვა დასამატებელი არაფერი მაქვს, კითხვების შემთხვევაში მზად ვარ თანამშრომლობისათვის“ - ნათქვამია ჩვენებაში.