სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე, რამდენიმე კანდიდატურა იყო წამოყენებული. საზოგადოების დიდი ნაწილი დიმიტრი ლორთქიფანიძეს უჭერდა მხარს, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი თამარ გურჩიანის კანდიდატურას, "ექსპერტთა კლუბი" ლია მუხაშავრიას, "ადვოკატთა ასოციაცია"კი გელა ნიკოლაიშვილს.
რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გურჩიანის კანდიდატურასთან ერთად, უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილის კანდიდატურაც წამოაყენეს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დღეს დასახლებული ნინა ხატისკაცი ერთხელ უკვე იყო დასახელებული სახალხო დამცველის კანდიდატად, თუმცა მან მაშინ თამარ გურჩიანის სასარგებლოდ მოხსნა თავისი კანდიდატურა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ექსპერტის საარჩევნო საკითხებში ნინო ხატისკაცის კანდიდატურის დასახელების შემდეგ შესახებ აცხადებს, რომ უმრავლესობის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ან ყველა ერთად განაწყენდება , ან არავინ.
"ომბუდსმენის თანამდებობაზე ამდენი მხარდამჭერის ასეთ ენერგიულ მოქმედებებს მოჰყვებოდა ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სხვაზე აიღებდა ორიენტაციას, იმიტომ რომ რომელიმე მათგანისთვის რომ დაეჭირა მხარი, მეორე კანდიდატის მხარდამჭერებს გაანაწყენებდა. უმრავლესობამ თავისი კანდიდატურა წამოაყენა და ან ყველა ერთად განაწყენებდება , ან არავინ. საზოგადოების მხრიდან ასეთ დაჟინებულ ძალისხმევას რომელიმე კანდიდატზე , შეიძლება ასეთი შედეგი მოჰყვეს ხოლმე", -აცხადებს საყვარელიძე.
ექსპერტის განცხადებით, უმრავლესობის გადაწყვეტილებაში თამარ გურჩიანის ზედმეტად ლიბერალურ და დიმიტრი ლორთქიფანიძის ზედმეტად მართლმადიდებლური პრიორიტეტებს არ შეიძლება გადამწყვეტი როლი ჰქონოდა, რადგან ასეთ ნიუანსებს ყურადღება არც მიექცეოდა, რომ არა საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნა არჩეული კანდიდატის მხარდასაჭერად.
"რომ არ ყოფილიყო ასეთი გამძაფრებული ბრძოლა, ასეთ ნიუანსები ყურადღება მიქცეული არ იქნებოდა. ხელისუფლებისთვის არც ერთი და არც მეორე ვარიანტისთვის მხარდაჭერა მომგებიანი არ იქნებოდა", -აცხადებს ექსპერტი.
რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუ საზოგადოება დაიმახსოვრებს იმას, რომ ხელისუფლების კედელთან მიყენება არ შეიძლება ხელმოწერების ან მხარდაჭერის საშუალებით, კარგი იქნება, რადგან ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება ეს მოთხოვნა არ შეგისრულოს, რათა შემდგომში ეს ხელისუფლების დათანხმების მეთოდად არ იქცეს.
"გურჩიანისთვის რომ დაეჭირა მხარი, არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბებოდნენ და დაიწყებდნენ იმ კანდიდატურების შემოთავაზებას, ვინ უნდა დაენიშნა მთავრობას ამა თუ იმ თანამდებობაზე, ხელმომწერებისთვის რომ გაეწია ანგარიში, ანალოგიური რამ მოხდებოდა, თუნდაც მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ხელმოწერების შეგროვება რომ დაიწყო. ეს გზა არ არის ნორმალური, ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის", -აცხადებს საყვარელიძე.