საზოგადოებრივ მაუწყებელში რევიზიის ჩასატარებლად შემოსავლების სამსახური შევიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ
საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო ორგანო შემოწმებაზე არ შესულა და ათობით ოფიცრის მოულოდნელი შემოსვლა და ასეთი მასშტაბური რევიზია, კითხვებს ბადებს.
„ბევრ კითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ ბრძანების გამოცემიდან რამდენიმე საათში მოვიდა ათეულობით ოფიცერი, რომლებმაც თქვეს, რომ ეს გეგმიური შემოწმებაა. მე მოვითხოვე გეგმა, თუმცა მსგავსი გეგმა არ არსებობს. ჩვენ შემოწმებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ და თანამშრომლებს დავავალებ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ამ პროცესს. თუმცა, ვერ შევასრულებ რევიზორების თხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესს კამერები მოვარიდოთ", - განაცხადა ჭანტურიამ და არ ფლობს ინფორმაციას, რამდენხანს გაგრძელდება ტელევიზიაში შემოწმების პროცესი.
ჭანტურიამ პრესკონფერენციაზე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც შეიქმნება კომისია, რომელიც საგადასახადო ორგანოებს ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება. ჭანტურიამ სიმბოლური უწოდა იმ მოვლენას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოწმება სწორედ 7 ნოემბერს დაიწყო და 2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" შესვლა გაიხსენა.
„შეგიძლიათ ხუმრობად ჩამითვალოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სიმბოლურია, ასევე მიმაჩნია, რომ ძველ და ახალ ხელისუფლებას არ გაუჭირდება შეთანხმება იმ საკითხზე, რომ 7 ნოემბერი ტელევიზიებში შესვლის ეროვნულ დღედ აქციონ“,-აღნიშნა ჭანტურიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ეჭვობს, რომ შემოწმება გეგმიური არ არის და ის სპეციალურად საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის დაიგეგმა, რადგან აუდიტის სამსახურს ტელევიზიაში რამდენიმე თვეში ელოდნენ.
„ჩვენ მზად ვართ რევიზიისთვის და საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებს პრესკონფერენციაში მონაწილეობაც შევთავაზეთ, თუმცა უარი მივიღეთ", - აღნიშნა ჭანტურიამ.