ფოთის პორტის  100% პარალიზებულია

ფოთის პორტის 100% პარალიზებულია

ფოთის პორტში მეშვიდე დღეა გაფიცვა გრძელდება. ნავსადგურის თანამშრომლებმა გაფიცვის გაგრძელება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოთხოვნებზე პორტის მენეჯმენტის წერილობითი პასუხი მიიღეს.

გაფიცული თანამშრომლების ინფორმაციით, არც ერთი მათი მოთხოვნა წერილში ასახული არ არის. მათივე თქმით, ამ დროისთვის ნავსადგურის საწარმოო რაიონების 100% გაჩერებულია.

მათი თქმით, პორტის სრული პარალიზება, საბუქსირე სამსახურის თანამშრომელთა პროტესტმა გამოიწვია, რომელთა გარეშეც, გემების ნავსადგურში შეყვანა შეუძლებელია.

„აქამდე პორტის 70% იყო გაჩერებული, მაგრამ ამ დროისთვის, ნამდვილად 100%-ითაა პარალიზებული. საბუქსირე სამსახური ჩვენთან ერთად დგას, ისინიც გაფიცულები არიან“, - განაცხადა საგაფიცვო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ელგუჯა ანდღულაძემ.

რა ოდენობის ფინანსური ზარალი მიადგა ფოთის პორტს, ამ დრომდე გაურკვეველია. როგორც მენეჯმენტში განმარტავენ, ეს საკითხი გაფიცვის შეწყვეტის შემდეგ გაირკვევა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულიმ თანამდებობა დატოვა.