პროფესორთა დაცვის ლიგა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური აუდიტის შესვლას და  რექტორებისა და კანცლერების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

პროფესორთა დაცვის ლიგა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური აუდიტის შესვლას და რექტორებისა და კანცლერების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

განათლების სისტემაში არსებული ხარვეზებისა და პრობლემების  შესახებ, დღეს პროფესორთა დაცვის ლიგამ for.ge - ის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მათ  ყურადღება სამ საკითხზე კონკრეტულად, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორების გადაყენებისა და იქ ფინანსური აუდიტის დანიშვნის შესახებ, უმაღლესი განათლების მონოპოლისტების - გიული ალასანიას, კახა ბენდუქიძის,  კახა შენგელიას და სხვა „ნაციონალური მონოპოლიების“ საკითხის შესწავლა და სამართლიანობის აღდგენასა და იმაზე ისაუბრეს, თუ რატომ უნდა წავიდეს მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის 5 იანვარს.

პროფესორთა დაცვის ლიგის თავმჯდომარის  ვაჟა შუბითიძის განცხადებით, განათლების სისტემა  მგრძნობიარე სისტემაა და პენიტენციალურ სისტემაზე მეტად მიხედვა მას სჭირდება.

„საქმე ეხება ახალგაზრდების აღძრდას,  სულიერ ღირებულებებს, რომელიც იმდენად არეული და ამღვრეულია, ახალგაზრდება სწორი ორიენტირი დაკარგეს. უმაღლესი სასწავლებლები ფაქტიურად,  ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.  გამომდინარე იმ პოლიტიკიდან,  რასაც მმართველი გუნდი ატარებდა.  ამიტომ სასწრაფოა ცვლილებები.  პირველ რიგში, კი, სწორედ  განათლების სისტემაში. ამ ცვლილებებს ბუნებრივია,  ერთი მხარე არ ექნება,  ეს ცვლილებები მრავალწახნაგოვანი იქნება,  დაწყებული ორგანიზაციული, იდეური,  ფინანსური და აშ. მათგან  უმთავრესი ორგანიზაციული საკითხებია. აქ კონკრეტულად, საუბარია ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური აუდიტის შესვლაზე  და რექტორებისა და კანცლერების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე.მიგვაჩნია, რომ  ისინი გარკვეული დროით უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან, აუცილებელია  ყველა უმაღლეს სასწავლებელში დაინიშნოს არჩევნები და თუ ღირსეულნი არიან,  ისინი არჩეულნი იქნებიან.  ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ ერთდაერთი ეს პრინციპი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს არ ეხება, საუბარია არჩილ ფრანგიშვილზე. ამ ადამიანმა იმ რეჟმის პირობებშიც, შეძლო  საკუთარი თავის შენარჩუნება.  ის ძალიან მაღალი პროფესიონალი და ქვეყნის  პატრიოტია.  ის ამჟამად, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის შეუცვლელია, მაგრამ ანალოგიურს კანცლერზე ვერ ვიტყოდი“, - განაცხადა შუბითიძემ.

შუბითიძის თქმით, უნივერსიტეტების მასშტაბით, ხშირად სტიპენდიები არასამართლიანად ნაწილდებოდა. შესაბამისად, ის  მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სტიპენდია უნდა გაუქმდეს და თითეული უნივერსიტეტის სახელობის  სტიპენდიები უნდა აღსდგეს.

პროფესორთა დაცვის ლიგის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აუცილებელია სახელმწიფო უნივერსიტეტებს დაუბრუნდეს თავიანთი სტატუსი, წართმეული ფართები და უნივერსიტეტებში ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„საქართველოს უნივერსიტეტმა (ალასანიამ)  ტექნიკურ უნივერიტეტს ორი კორპუსი წაართვა. ასევე მიტაცებული აქვთ სტადიონი. კავკასიის უნივერსიტეტმა ორი კორპუსი ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ააშენა და მეექვსე კორპუსის მეოთხე სართული წლებია უკავიათ. აუცილებელია სამართლიანობა აღსდგეს და უნივერსიტეტს საკუთარი ფართები დაუბრუნდეთ. ასევე გაუგონარია თავისუფალი უნივერსიტეტის მფლობელის ბენდუქიძის მიერ, სახელმწიფო უნივერსიტეტის, მხედველობაში მაქვს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პრივატიზება. აუცილებელია,  თავისუფალი უნივერსიტეტი სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ისევ გამოეყოს“, - განაცხადა შუბითიძემ.