საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ყოფილი ძალოვანი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოში იძულებით, იმის გამო დაბრუნდა, რომ მან ვიზისა და პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე უარი მიიღო.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ქუცნაშვილმა განაცხადა, ახალაიას ბრალეულობის საკითხი მტკიცებულებების ერთობლიობით იქნება გამყარებული.
„ამ შემთხვევაში, სამართლისა და ხალხის ინტერესების დაცვის საკითხი დგას და სამართალიცა და ხალხიც პასუხისმგებლობას ითხოვს. იმის შიშით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მრავალ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს პოლიტპატიმრებად გამოაცხადებს, ჩვენ სამართლისა და ხალხის ინტერესების დაცვაზე უარს ვერ ვიტყვით. რატომ გაიქცა სამშობლოდან ახალაია, თუ ასეთი უმანკო და ღირსებით შემკული იყო? რომელ ქვეყანას აფარებდა ის თავს? რომელი ქვეყნის მთავრობისგან ითხოვდა ვიზას, რომ იქ შესულიყო და პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო და რომელმა ქვეყანამ უთხრა უარი ვიზაზე? ის საქართველოში იძულებით დაბრუნდა, რადგან ვიზა არავინ მისცა და პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.