საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, შეიარაღებული ძალების გენშტაბის მოქმედი უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავება ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ აისახება.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ბაქრაძემ განაცხადა, ყოფილი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და გენშტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავების გარშემო ბევრი კითხვები არსებობს.
„მინდა შეგახსენოთ, რომ დეკემბერში დაგეგმილია ნატოს სამიტი, სადაც საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხზეც იმსჯელებენ და მერწმუნეთ, ქვეყნის იმიჯზე მოქმედი გენშტაბის უფროსის და გენერლის დაკავება დადებითად არ აისახება. სჯობს, დამცინავად არ ისაუბროთ იმ ადამიანზე, რომელიც მართლაც არის „აგვისტოს ომის“ გმირი. ეს ის ადამიანია, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყანას იცავდა. თვითონ დაიჭრა, მაგრამ საკუთარი ჯარისკაცები არ მიატოვა და ომიდან არ გამოსულა“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის შეფასებით, ეს ტესტია ახალი ხელისუფლებისთვის იმაზე - თუ რამდენად დარჩება ეს ყველაფერი კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში და არ გადავა პილიტიკური ანგარიშსწოპრების ფორმატში.
„სამწუხაროდ, პირველი ნიშნები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“, - დასძინა დეპუტატმა.