საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პოლიტიკურ გუნდს უწოდებს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დავითაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოსტებზე ადამიანებს შეურაცხყოფის ატანის ტესტის ჩაბარების შემდეგ ნიშნავდა.
„არ მიკვირს, რომ თქვენ ხართ ახალაიას გუნდი და მომავალში მოგიხსენიებთ, როგორც - ახალაიას პოლიტიკურ გუნდს. თქვენთვის ადამიანის შეურაცხყოფა არაფერია. დარბაზში კახა ბუცხრიკიძე ზის, რომელმაც პატიმარს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ მას სიკვდილი ერჩია.
მიხეილ სააკაშვილი თანანმდებობეზე, ადამიანებს მას შემდეგ ნიშნავდა, რაც შეურაცხყოფას მიაყენებდა და ის პიროვნება ამას აიტანდა. ბევრი თქვენთაგანი სააკაშვილის ტესტგავლილია“, - განაცხადა დავითაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილს გამოეხმაურა, რომელმაც ბუცხრიკიძის დაცვა სცადა.
„დაწყნარდი ჩიორა, მას თქვენი დაცვა არ სჭირდება, სჯობს, თქვენს ახალგაზრდა სულს მიხედოთ“, - მიმართა უმცირესობის წევრს დავითაშვილმა.
ამასთან, დავითაშვილმა პროკურატურას მიმართა - თუ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, მტკიცებულებები არ არსებობს, ის პატიმრობიდან გაათავისუფლონ.