თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს სამწუხარო ფაქტი მოხდა და ბრალი წაუყენეს გაერთიანებული შტაბის უფროსს.
„ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, მაგრამ თავის სიტყვას გამოძიება იტყვის. მინისტრი მიმდინარე გამოძიებაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. ყველა ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე მისი ბრალი არ დამტკიცდება სასამართლოში. შესაბამისად ჩვენ პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმფციას" - განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, დღეს დილით შეიარაღებული ძალების სარდლობას შეხვდა, რის შედეგადაც შეუძლია თქვას, რომ თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.