უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის წაყენებული ბრალდება დამტკიცდება.
ბერძენიშვილის განცხადებით, ვიდრე ახალაიას მიმართ სასამართლოს კანონიერი განაჩენი არაა, ის უდანაშაულოდ ითვლება და აღნიშნავს, რომ გამოძიების დასრულებასა და სასამართლოს დადგენილებას ელოდება.
„სულ მქონდა ეჭვი, რომ ბატონი ბაჩანა ახალაია კანონს არღვევდა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანს 2003 წლიდან ვაკვირდები და ჩემზე მანიაკის შთაბეჭდილება დატოვა. საერთოდ, ის ნორმალური არის, თუ არა შესამოწმებელი მგონია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია მის მიერ, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, პირადად ჩემზე, არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ასეთ რაიმეს არ იზამდა. არ მიკვირს, ის ყველა თანამდებობაზე ასე მოქმედებდა, ამიტომ ბრალი, თუ წაუყენეს დაუმტკიცებენ კიდევაც“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ახალაიას საქართველოში დაბრუნება ვიღაცამ ურჩია და აღნიშნავს, რომ ალბათ, მას თავისუფლება, არც უცხოეთში ჰქონდა, მითუმეტეს საქართველოში.
„რაკი ასეთი მექანიზმი მოქმედებს, ვფიქრობ, ბევრი ვინმე წავა ციხეში და ბევრი ვინმე ჩამოვა ქვეყანაში. არ ვიცი, ვის რა გავლენა აქვს, ახალაია სააკაშვილმა ჩამოიყვანა თუ არა, მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სააკაშვილი ყველას ჩამოიყვანს და ყველას ჩააბარებს, ოღონდ კი, მას ვინმე არ შეეხოს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.