ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე იმ პირებს არ იცნობენ, რომელთა ჩვენების საფუძველზეც არიან დაკავებული. ამის შესახებ განცხადება დაკავებულების ადვოკატმა დავით დეკანოიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ იყო.
„მიმაჩნია, რომ რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, არ იყო საკმარისი საფუძველი მათ დასაკავებლად და არც ბრალის წასაყენებლად. ჩვენებები ალბათ, არსებობს, მაგრამ შინაარსს ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. გამოქვეყნდება, გავეცნობით და ვნახავთ რა არის ამ ჩვენებებში. ახალაიას დაკითხვისას შეკითხვებიდან გამომდინარე, არის აბსურდული მათი პოზიცია, რომ გენერალს თურმე არ აქვს უფლება ჯარისკაცს საყვედური უთხრას"- განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, იმ პირთა ვინაობა, ვისი ჩვენების საფუძველზეც დააკავეს ახალაია, ცნობილია.
„დაკითხვის დროს ახალაიას გვარებს ეკითხებოდნენ, მაგრამ ზეპირად არ მახსოვს. ვერ გეტყვით გათავისუფლებული არიან თუ არა სამხედრო სამსახურიდან, ახალაია არ იცნობს მათ, არც კალანდაძე არ იცნობს. საქმის მასალებს სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მივიღებთ"-განაცხადა დეკანოიძემ.
სამართალდამცველებმა შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.