უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის შოთა მალაშხიას შეფასებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავება, დღევანდელი ხელისუფლებისთვის სავალალოდ დასრულდება.
მალაშხიას განცხადებით, ბრალდება, რომელიც ახალაიას წაუყენეს აბსოლუტურად აბსურდული, სამარცხვინო და სასაცილოა.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ქმედება, რასაც იუსტიციის სამინისტრო პროკურატურასთან ერთად ახორციელებს პოლიტიკური დევნაა. ცხადია, ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის სავალალოდ დასრულდება, რადგან ბრალდება, რაც წარმოადგინეს აბსურდული, სამარცხვინო და სასაცილოა საზოგადოებისთვის. ცხადია, ამას არ შეიძლება გაგრძელება მოჰყვეს. ეს ნიშნავს, რომ უკან, 37-იან წლებში ვბრუნდებით, ახლა XI საუკუნეა და მათ ამის საშუალებას, არც ჩვენ და არც საერთაშორისო საზოგადოება არ მივცემთ“, - განაცხადა მალაშხიამ.
მისი თქმით, ახალაიას წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება უკანონობაა და აღნიშნავს, რომ ანალოგიური მაგალითების მოყვანა დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზეც შეუძლია.
„შემიძლია მოგიყვანოთ ანალოგიური მაგალითები, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერნეტით ხიდაშელს აგიდებდა, ასევე დაკავებული უნდა იყოს. მაგალითად, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ამავე კომიტეტის წევრს აგინებდა, მასზე დევნა უნდა იყოს გამოცხადებული და დაკავებული უნდა იყოს“, - განაცხადა მალაშხიამ.
რაც შეეხება კითხვას, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, გამოქვეყნებული მასალები ფაბრიკაცია იყო, მალაშხია აცხადებს, რომ “შემიძლია ამას დავუმატო თვითონ ივანიშვილის აღიარებითი ჩვენება, როდესაც ტელეკომპანია „მაესტროზე“ განაცხადა, რომ არ მეგონა, თუ ეს ბიჭი ასე იგინებოდაო“, - განაცხადა მალაშხიამ.