ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას წინააღმდეგ 6 მოწმის ჩვენება პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.
კბილაშვილის განცხადებით, მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, ამ ეტაპისათვის გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენეს 6 სამხედრო მოსამსახურეს.
ამნასთან , კბილაშვილის თქმით, ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს დანის ტარი თავში ჩაარტყა.
"აღნიშნულის შემდეგ ბაჩანა ახალიამ სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მეოთხე ბრიგადაში გადაიყვანა. იქ, მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შურაცხყოფა , რის შემდეგაც მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა მეოთხე ბრიგადის პირადი შემადგენლობის 130 კაცის წინაშე, ე. წ. "პლაცზე" მოწყობილ სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ" - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ და დღეს დილით გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ ბაჩანა ახალია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე სისხლის სამართლის კოდექსის 333 -ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით.
მთავარი პროკურორის განმარტებით, მათ ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინებათ.
"ვინაიდან დიდია საზოგადოებრივი ინტერესი ამ პირთა მიმართ მიმდინარე დევნის შესახებ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დანაშაული ჩადენაში ამხელენ ზემოაღნიშნულ პირებს, გავასაჯაროოთ უახლოეს საათებში, ის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, თუ რა ქმედებების ჩადენაში არიან ეს პირები ეჭვმიტანილები" - განაცხადა კბილაშვილმა და განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, მთავარ პროკურატურაში მრავალი განცხადებაა შესული, რომლებშიც მოცემული პირები დანაშაულში ფიქსირდებიან.
მისუხედავად ამისა, კბილაშვილის თქმით, დაკავების საფუძველი გახდა მხოლოდ 6 სამხედრო პირის ჩვენება, რომელთაგან 5 დაკითხულია, ხოლო 1 საზღვარგარეთ იმყოფება.
მისივე განცხადებით, მთავარი პროკურატურა შესული განცხადებების შესწავლას აგრძელებს .