საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსს გენერალ გიორგი კალანდაძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მისი თქმით, იგი მთავარი პროკურორის თანდასწრებით დააკავეს და განემარტა ყველა ის უფლება, რაც ბრალდებულისთვისაა გათვალისწინებული.
„მოხდა კალანდაძის დაკავება და პირადი ჩხრეკა. მას მიეცა 2-ჯერ განმეორებითი წინადადება, გამოეძახა დამსწრეები პირადი ჩხრეკის დროს, რაზეც მან უარი განაცხადა. შემდეგ მას საშუალება მიეცა განეხორციელებინა რამდენიმე ზარი. დაუკავშირდა ახლობელს, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, ამცნო დაკავების ფაქტის შესახებ და თავისი ოჯახი ჩააბარა სანდო პირს. შემდეგი ზარებიც მან განახორციელა შუზღუდავად. ხოლო დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში“ - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იგეგმებოდა კალანდაძის ბინის ჩხრეკა, თუმცა მთავარ პროკურორთან ერთობლივი შეთანხმებით, ჩხრეკის ჩატარება გათენებამდე გადაიდო.
„ჩხრეკა გადაიდო გათენებამდე, რათა მის ოჯახს არ განეცადა სტრესი, რაც მოსდევს ღამით საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩატარებას, სადაც იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი“ - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ თავად კალანდაძე დაკავებისას სიმშვიდეს ინარჩუნებდა და მისი ყველა უფლება დაცული იყო.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, შესაბამისი ოქმის გაფორმების შედეგად, კალანდაძე გადაყვანილი იქნა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო მისი დაცვის უფლება დაკითხვისას და შემდგომი საგამოძიებო ქმედებების ბოლომდე იქნება დაცული.