შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მთავარი პროკურატურიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გაძლიერებული დაცვის თანხლებით გადაიყვანეს. გამოძიებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება თითქმის 4 საათიანი დაკითხვის შემდეგ მიიღო. სამართალდამცველებს ყოფილი მინისტრისთვის ბრალის წარსადგენად 48 საათი აქვთ. ბრალის წარდგენის შემდეგ კი, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება არ შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას, ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მიიღებს.
სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი დიდმოხელე, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით 6 ნოემბერს, 20:30 წუთისთვის დაიბარეს. მათ შორის ბოლო ყველაზე სკანდალური, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ციხეში პატიმრების წამებას და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს შეეხება.
შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაბარების შესახებ პროკურატურამ მხოლოდ მწირი ინფორმაცია გაავრცელა. ითქვა, რომ მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
თუმცა, დაკითხვის დასრულების შემდეგ, მთავარი პროკურატურიდან გამოსულმა, ბაჩო ახალაიას ინტერესების დამცველმა დავით დეკანოიძემ განაცხადა, რომ შს და თავდაცვის ექს მინისტრი 333-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დააკავეს.
დეკანოიძემ დაადასტურა, რომ ახალაიას წინააღმდეგ საქმე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღიძრა და ის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ჩვენებებს ეფუძნება. თუმცა, ადვოკატს მინისტრის მიერ თანამშრომელთა შეურაცხყოფა, რატომღაც აბსურდულ ბრალდებად ეჩვენება.
„დაკავების საფუძვლად დასახელდა ის, რომ თურმე ბაჩო ახალაიამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე თანამშრომელს სხვების თანდასწრებით. კარგა ხანია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და ასეთი აბსურდული საფუძვლით ადამიანის დაკავება პირველად ვნახე“, - აღნიშნა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე განმარტებით, დაკითხვის პროცესში ახალაიასთვის სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით შეკითხვები არ დაუსვამთ.
თუკი ბაჩო ახალაიას 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული დაუმტკიცდება, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს , მას 5-დან 8-წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა, მას ბრალი შესაძლოა დაუმძიმდეს. იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურა, მისი არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრობის, არამედ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის პერიოდით, ციხის ბუნტის საქმით, ასევე არჩევნების წინ, ტელევიზიების და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელებული პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით დაინტერესდება.