შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა .
ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული.
შენობაში შესვლამდე მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის პასუხი გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას, რომელიც მისი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობის პერიოდებს უკავშირდება.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.
საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.