შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელo გიორგი ბერუაშვილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ქარელის რაიონში, გიორგი ბერუაშვილმა, თაღლითურად, მოტყუების გზით, მოქალაქეებს თამაზ და იოსებ ხიზანიშვილებს ფულადი თანხა 1000 ევროს ოდენობით გამოძალა.
ბერუაშვილი, თანხის სანაცვლოდ, მათ პირდებოდა დასაქმებას, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამხედრო პოლიციაში ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.
შსს-ს ცნობით, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად ამოღებული იქნა თანხის ნაწილი, რომელიც გიორგი ბერუაშვილმა თაღლითური გზით მიიღო.
გიორგი ბერუაშვილის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე აღძრულია საქმე სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით - თაღლითობის მუხლით.
მიმდინარეობს გამოძიება.