პატიმარი ირაკლი ხოხიაშვილი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

პატიმარი ირაკლი ხოხიაშვილი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

პატიმარი ირაკლი ხოხიაშვილი მის მიმართ ციხეში განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის გამო შსს-ს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს.

ამის შესახებ დღეს for.ge-ის პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ხოხიაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხოხიაშვილის წამების ფაქტების გამო სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას ბაჩო ახალაიას, პატიმრის წამებაში უშუალო მონაწილის მეგის ქარდავას, ქსნის კოლონიის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არაქელოვის და ვაჟა ცხვედიანის წინააღმდეგ.

„ხოხიაშვილის შემთხვევაში წამების სხვა მეთოდიკას იყენებდნენ, ციხის საავადმყოფოში იგი გაკვეთილ გვამზე პირაღმა დააწვინეს, ელექტროსადენები შეუერთეს, გულწასულს კი წყალს ასხამდნენ. ამ ფაქტის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, მთავარი პროკურორი, თუმცა მათი მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია“- განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ ვაჟა ცხვედიანი როგორც კი გაიგებდა, რომ ამის შესახებ განცხადებები კეთდებოდა, ხოხიაშვილს კიდევ უფრო აწამებდა.

მისი თქმით, პატიმარი ხოხიაშვილი ციხეში შესვლამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, ახლა კი - მძიმე ავადმყოფია.

ხაჭაპურიძის განცხადებით, იგი დღესაც სასჯელს იხდის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, დაავადებულია ც ჰეპატიტით და წამებისა და ცემის გამო, ხერხემალი აქვს დაშლილი. 

 „რატომღაც ცხვედიანი დაავიწყდა ყველას, ის იყო ყველაზე მთავარი ჯალათი ახალაიას ხელში. ამიტომ, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვთხოვთ პროკურატურას დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი ხოხიაშვილის სისტემატური წამების ფაქტთან დაკავშირებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში, სადაც იგი განხილვის ეტაპამდეა მისული.