ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ბიზნესმენი ადნარ აქიარი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
აღნიშნულის შესახებ, ადნარ აქიარის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დღეს, for.ge - ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ხაჭაპურიძის განცხადებით, აქიარს დაურეკა კეზერაშვილმა და უთხრა, რომ მისი „კრიშა“ იქნებოდა თუ აქიარი „ტოიოტას“ ცენტრიდან მანქანას უყიდიდა, ადგილზე მისულმა აქიარმა კი, აღმოაჩინა, რომ მას ერთის ნაცვლად 10 მანქანის ყიდვა მოუწია.
„იმ ავტომანქანებიდან სამით სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული შოუბიზნესის წარმომადგენლები დადიან, რამდენიმე მათგანი კი, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაშია და სახელმწიფო ნიშნები აქვთ. აქიარის შანტაჟი ამით არ შეწყდა და მას ფინანსური პოლიციის უფროსი დავით ქარსელაძე ყოველთვიურად სძალავდა თანხას, შემდეგ აქიარი უკანონო ბრალდებებით დააკავეს და გათავისუფლებისთვის 200 000 ლარი გადაახდევინეს. ამ ადამიანმა დაკარგა ყველაფერი და დღეს ოჯახთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
აქიარი დავით კეზერაშვილის, დავით ქარსელაძის და მისი ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და მათ ქონების ასევე, მის მიერ იძულებით შეძენილ 10 ავტომობილზე ყადაღის დადებას მოითხოვს.
აქვე, ხაჭაპურიძე მთავარ პროკურატურას თეთრიწყაროს 2 მოსამართლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრას სთხოვს, რომლებმაც ხაჭაპურიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების დარღვევის ფაქტები განიხილეს და უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს.
ყველა განცხადებას ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მთავარ პროკურატურაში დღესვე შეიტანს.