პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს.
როგორც From.ge-ს მახათაძემ განუცხადა, კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი სამსახურიდან მის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივით აპირებს.
მისი ინფორმაციით, მას ოლიმპიურმა ჩემპიონმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამ ფაქტებზე კი, ის ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.
„სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის თავმჯდომარე, ლერი ხაბელოვი პოლიტიკური ნიშნით, სამსახურიდან ჩემს გათავისუფლებას აპირებს. ზეწოლა ერთადერთი მიზეზით მიმდინარეობს და ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. მან პირად საუბარში მითხრა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგიშვებ, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ვიტყვიო. გარდა ამისა, მან შეურაცხყოფაც მომაყენა, მაგრამ ამ საკითხებზე, ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ვისაუბრებ. საჯარო მოხელე ვარ და პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მართალია, პოლიტიკურ საკითხებზე ჩემი მოსაზრება მაქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ ჩემს სამსახურთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებ და კომიტეტის ყველა წევრს თანაბრად ვემსახურები. რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მევალება, იმას ვაკეთებ“, - დასძინა მახათაძემ.